Thursday, August 9, 2012

ჟან ბოდრიარი - გლობალურის ძალადობა



მთარგმნელი  ნანა ყიფიანი

დღევანდელი ტერორიზმი არ არის ანარქიზმის, ნიჰილიზმის ან ფანატიზმის ტრადიციული ისტორიის პროდუქტი. იგი გლობალიზაციის თანამედროვე პარტნიორია. მისი თვისებების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელია გლობალიზაციის მოკლე გენეოლოგიის წარმოდგენა, განსაკუთრებით კი მისი კავშირისა სინგულარულთან და უნივერსალურთან.

ტერმინებს “გლობალური” (2) და “უნივერსალური” შორის ანალოგია შეცდომაში შემყვანია. უნივერსალიზაციას საქმე აქვს ადამიანის უფლებებთან, თავისუფლებასთან, კულტურასთან და დემოკრატიასთან. ამის საპირისპიროდ გლობალიზაცია არის ტექნოლოგია, ბაზარი, ტურიზმი და ინფორმაცია.
გლობალიზაცია ჩანს, შეუქცევადია, მაშინ როდესაც უნივერსალიზაცია უკან იხევს. ყოველ შემთხვევაში იგი ტოვებს სარბიელს როგორც ფასეულობათა სისტემა, რომელიც განვითარდა დასავლური მოდერნულობის კონტექსტში და რომელიც არამსგავსი იყო სხვა კულტურებთან მიმართებაში. ნებისმიერი კულტურა, რომელიც ხდება უნივერსალური, კარგავს თავის სინგულარობას და კვდება. ასე მოუვიდა ყველა იმ კულტურებს, რომელიც ჩვენ დავანგრიეთ მათი ძალისმიერი ასიმილირების გზით. მაგრამ ეს ასეა ჩვენი საკუთარი კულტურის შემთხვევაში მიუხედავად მისი პრეტენზიისა იყოს უნივერსალურად ქმედითი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სხვა კულტურები კვდებიან თავიანთი სინგულარობის გამო, რაც ლამაზი სიკვდილია. ჩვენ ვკვდებით, რადგან ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სინგულარობას და ვსპობთ ჩვენს ფასეულობებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ფასეულობის იდეალური მიზანია გახდეს უნივერსალური.
მაგრამ ჩვენ არ ვიაზრებთ რეალურად იმ მომაკვდინებელ საფრთხეს, რომელსაც ასეთი მიზნები შეიცავს. შორსაა რა აღმავალი მოძრაობიდან, იგი პირიქით, დაღმავალი მიმართულებით, ნულოვანი მაჩვენებილისკენ მიემართება. განმანათლებლობაში უნივერსალიზაცია მოიაზრებოდა როგორც უსასრულო ზრდა და წინსვლადი პროგრესი. დღეს ამის საპირისპიროდ, უნივერსალიზაცია არსებობს საფასურის გადაუხდელობის სახით და გამოიხატება წინმავალ გაქცევაში რომელიც მიზნად ისახავს მიაღწიოს ყველაზე მინიმალურად საერთო ფასეულობას: დღეს აშკარად ასეთია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და თავისუფლების ბედი. მათი ექსპანსია რეალურად მათი უსუსტესი გამოხატულებაა.

უნივერსალიზაცია გლობალიზაციის გამო უჩინარდება. გაცვლების (exchanges) გლობალიზაცია წერტილს უსვამს ფასეულობების უნივერსალიზაციას. ეს მიუთითებს უნიფორმული აზრის (3) ტრიუმფს უნივერსალურზე.
გლობალიზებულია პირველ რიგში ბაზარი, გაცვლისა და ყველა სახის პროდუქტების სიჭარბე, ფულის უსასრულო ბრუნვაა. კულტურულად გლობალიზაცია გზას უხსნის ნიშნებისა და ფასეულობების აღრევას ანუ პორნოგრაფიის გარკვეულ ფორმას. მართლაც, ყველაფრისა და არაფრის გლობალური გავრცელება ქსელების საშუალებით პორნოგრაფიულია. სექსუალური უხამსობის არანაირი საჭიროება აღარაა. ყველაფერი რაც კი გაგაჩნიათ, გლობალური ინტერაქტიური კოპულაციაა. და ყოველივეს ამის შედეგად აღარანაირი განსხვავება აღარ არსებობს გლობალურსა და უნივერსალურს შორის. უნივერსალური გლობალიზირდა და ადამიანის უფლებები ისევე ცირკულირებს როგორც ნებისმიერ გლობალური პროდუქტი (ნავთობი, თუ კაპიტალი).

გზამ უნივერსალურობიდან გლობალიზაციისკენ განაპირობა კონსტანტური ჰომოგენიზაცია და მას თანდართული დაუსრულებელი ფრაგმენტაცია.
დისლოკაციამ და არა ლოკალიზაციამ შეცვალა ცენტრალიზაცია. ექსცენტრიციზმმა და არა დეცენტრალიზაციამ დაიკავა ის ადგილი, რომელიც ოდესღაც კონცენტრაციას ეკავა. ამის შედეგად დისკრიმინაცია და დაუშვებლობა აღარ არის გლობალიზაციის უბრალოდ შემთხვევითი შედეგი, არამედ სწორედ გლობალიზაციიდან ლოგიკური გამომდინარეობაა. გლობალიზაციის არსებობა ჩვენ ფაქტობრივად გვაფიქრებინებს, ხომ არ იყო უნივერსალიზაცია ფაქტობრივად უკვე დანგრეული მისივე კრიტიკული მასის მიერ, არსებობდა კი უნივერსალურობა და მოდერნულობა ოდესმე რაღაც ოფიციალური დისკურსების ან რაიმე პოპულარული მორალური სენტიმენტების მიღმა? ჩვენი მოდერნული უნივერსალიზაციის სარკე დღეს დღეს ჩვენთვის გატყდა. მაგრამ ეს შესაძლოა იყოს შანსი. ამ გატეხილი სარკის ფრაგმენტებში ყველა სახის სინგულარები კვლავ გამოჩნდა. ის სინგულარები, რომელზედაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშიშროების ქვეშ იყვნენ, გადარენილნი არიან, ისინი ვიზეც ვფიქრობდით, რომ დაიკარგნენ, აღსდგნენ.

რაც უფრო კარგავენ უნივერსალური ფასეულობები თავის ავტორიტეტს და ლეგიტიმურობას, მოვლენები უფრო რადიკალურნი ხდებიან.
როდესაც უნივერსალური რწმენები წარმოდგენილნი იყვნენ კულტურული თვალსაზრისით ერთადერთ შესაძლებელ მედიატორულ ფასეულობებად, ზღაპრულად იოლი იყო ამგვარი რწმენებისთვის სინგულარულობების როგორც განსხვავებულობების მოდელების ჩართვა უნივერსალურ კულტურაში, რომელიც თავის მხრივ პრეტენზიას აცხადებს განსხვავებულობის დაცვაზე. მაგრამ ეს ვეღარ განხორციელდება, რადგან გლობალიზაციის ტრიუმფალურმა გავრცელებამ ააფეთქა განსხვავებულობების ყველა ფორმა და ყველა ის უნივერსალური ფასეულობები, რომელიც იცავდა განსხვავებულობებს. ამდენად, გლობალიზაციამ გზა მისცა აშკარად არაგანსხვავებულ კულტურას. იმ მომენტიდან, როდესაც უნივერსალური გაქრა, დომინანტად მხოლოდ ყოვლისშემძლე გლობალური ტექნო-სტრუქტურა დარჩა. მაგრამ ამ ახალ ტექნო-სტრუქტურას ამჯერად უწევს დაუპირისპირდეს ახალ სინგულარულობას, რომელსაც იმ უნივერსალიზაციის გარეშე, რომელიც მიაძინებს მას, აქვს უნარი თავისუფლად და გააფრთებით გავრცელდეს.

ისტორიამ უნივერსალიზაციას თავისი შანსი მისცა. თუმცა დღეს, გლობალური წესრიგის პირისპირ, ერთი მხრივ ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, მეორე მხრივ აჯანყებული სინგულარობების ფონზე, თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კონცეფციები სასაცილოდ გამოიყურებიან. ისინი უნივერსალიზაციის წარსულის მოჩვენებებად რჩებიან.
უნივერსალიზაცია ჩვეულებრივ ავითარებდა კულტურას ტრანსცენდენციის, სუბიექტურობის, კონცეფტუალიზაციის, რეალობისა და რეპრეზენტაციის კონცეფციების მქონეს. ამის საპირისპიროდ დღევანდელმა ვირტუალურმა გლობალურმა კულტურამ უნივერსალური კონცეფციები შეანაცვლა ეკრანებით, ქსელებით, ციფრებით, იმანენტურობითა და სივრცე-დროის კონტინიუმით ყოველგვარი სიღრმის გარეშე. (4) უნივერსალურში ჯერ კიდევ არსებობდა ადგილი ბუნებრივი მიმართებისთვის სამყაროსადმი, სხეულისადმი ან წარსულისადმი.
არსებობდა გარკვეული დიალექტიკური დაძაბულება ან კრიტიკული მოძრაობა, რომელიც მატერიალიზდა ისტორიულ და რევოლუციურ ძალადობაში. მაგრამ ამ კრიტიკული ნეგატიურობის გამონაბოლქვმა კარი გაუხსნა ძალადობის სხვა ფორმას, გლობალურის ძალადობას. ეს ახალი ძალადობა ხასიათდება ტექნიკური ეფექტურობის უპირატესობით, პოზიტიურობით, ტოტალური ორგანიზაციით, ინტეგრალური ცირკულაციით, და ყველა გაცვლების (ეხცჰანგეს) ექვივალენტურობით. გარდა ამისა, გლობალურის ძალადობა წერტილს უსვამს ინტელექტუალის სოციალურ როლს (იდეა, რომელიც უკავშირდებოდა განმანათლებლობას და უნივერსალურობას), ასევე აქტივისტის როლს, რომლის ბედი დაკავშირებული იყო კრიტიკული ოპოზიციისა და ისტორიული ძალადობის იდეებთან.

არის გლობალიზაცია ფატალური? ჩვენგან განსხვავებული კულტურები ზოგჯერ ახერხებდნენ გაქცეოდნენ ინდიფერენტული გაცვლის ფატალურობას.
დღეს კი, სად არის კრიტიკული წერტილი უნივერსალურსა და გლობალურს შორის? მივაღწიეთ იმ წერტილს, როდესაც უკან დასახევი გზა აღარ არის? რა თავბრუსხვევა უბიძგებს სამყაროს ხაზი გადაუსვას იდეას? და როგორია ის სხვა თავბრუსხვევა, რომელიც იმავდროულად აიძულებს ხალხს კატეგორიულად მოინდომოს იდეის რეალიზაცია?
რეფერენცე
უნივერსალური იყო იდეა. მაგრამ როდესაც ის რეალიზდა გლობალურში, იგი გაქრა როგორც იდეა. მან ჩაიდინა თვითმკვლელობა და ის გაქრა როგორც თავისი თავის დასასრული. მას შემდეგ, რაც კაცობრიობა თავისივე იმანენტური გახდა, რაც მან მკვდარი ღმერთის ადგილი დაიკავა, ადამიანი იქცა რეფერენციის ერთადერთ სახედ და ის სუვერენულია. მაგრამ ამ კაცობრიობას აღარ აქვს რაიმენაირი დასრულებულობა. თავისუფალი ძველი მტრებისგან, კაცობრიობამ უნდა შექმნას მტრები შიგნიდან, რაც ფაქტობრივად წარმოშობს არაჰუმანური მეტასტაზების ფართე ნაირსახეობებს.

სწორედ აქედან მომდინარეობს გლობალურის ძალადობა. ის არის სისტემის პროდუქტი, რომელიც ბოლომდე მისდევს და დევნის ნეგატიურობისა და სინგულარულობის ყველა ფორმას, რასაკვირველია სიკვდილის ჩათვლით როგორც სინგულარულობის დამასრულებელ ფორმას.
ეს არის საზოგადოების ძალადობა, რომელშიც კონფლიქტი აკრძალულია, სადაც სიკვდილი დაშვებული არ არის. ეს არის ძალადობა, რომელიც წერტილს უსვამს თავად ძალადობას და ესწრაფვის დაამკვიდროს სამყარო, რომელშიც ყველაფერი, რაც ბუნებრივთან კავშირშია (რაც არის სხეულში, სექსში, დაბადებაში ან სიკვდილში), უნდა გაუჩინარდეს. უმჯობესია ამ გლობალურ ძალადობას ვუწოდოთ გლობალური საშიშროება. ძალადობის ეს ფორმა მართლაც ვირუსულია. ის მოძრაობს ინფექციის გავრცელების გზით, ვრცელდება ჯაჭვური რეაქციით და თანდათანობით ანგრევს იმუნურ სისტემას, სპობს ჩვენს შესაძლებლობას მას წინააღმდეგობა გავუწიოთ.

მაგრამ თამაში ჯერ არ დასრულებულა. გლობალიზაციას ბოლომდე არ გაუმარჯვია. ამგვარი გათქვეფილი და ჰომოგენიზირებული ძალის წინააღმდეგ ჰეტეროგენური ძალები – არა უბრალოდ განსხავეული, არამედ აშკარად ანტაგონისტური – ყველგან თავს წევს.
გლობალიზაციის მიმართ მზარდი, ძლიერი რეაქციის, გლობალურისადმი სოციალური და პოლიტიკური წინააღმდეგობების ფორმებს უკან ჩვენ ვხედავთ უფრო მეტს ვიდრე ეს უარყოფის ნოსტალგიური გამოხატვაა. ამის მაგიერ ჩვენ ვხედავთ მოდერნულობისა და პროგრესის პირისპირ მყოფ დამანგრეველ რევიზიონიზმს, არა მხოლოდ გლობალური ტექნო-სტრუქტურის უარყოფას, არამედ გლობალიზაციის იმ მენტალური სისტემის არ მიღებისა, რომელიც აღიარებს ყველა კულტურებს შორის ექვივალენტურობის პრინციპს. ამ სახის რეაქციამ შესაძლოა მიიღოს გარკვეული ძალადობრივი, არა-ნორმალური და ირაციონალური სახე. ბოლოს და ბოლოს ისინი შესაძლოა მიჩნეულ იყვნენ ძალადობრივად და ირაციონალურად ჩვენი ტრადიციული განმანათლებლური აზროვნების პერსპექტივიდანაც. ამ რეაქციამ შეიძლება მიიღოს კოლექტიური ეთნიკური, რელიგიური და ლინგვისტური ფორმები. ამავე დროს შეიძინოს ინდივიდუალური ემოციური აფეთქების და ნევროზის ფორმაც. ყველა შემთხვევაში შეცდომა იქნება ვლანძღოთ ეს რეაქციები როგორც უბრალოდ პოპულისტური, არქაული და ტერორისტულიც კი.
ყველაფერი, რასაც კი აქვს მოვლენის სახე დღეს მიმართულია გლობალურის აბსტრაქტული უნივერსალურობის წინააღმდეგ (5), და ეს ეხება თვით ისლამის ოპოზიციასაც დასავლური ფასეულობებისადმი (რადგან ისლამი არის ყველაზე მძლავრი მოდავე იმ ფასეულობში, რომლებიც დღეს მიჩნეულია დასავლეთის ნომერ პირველ მტრად).

ვის შეუძლია სძლიოს გლობალური სისტემა? ბუნებრივია, არა ანტი-გლობალიზაციის მოძრაობას, რომლის ერთადერთი მიზანია შეანელოს გლობალური დერეგულაცია. ამ მოძრაობის პოლიტიკური იმპულსი შესაძლოა მნიშვნელოვანის იყოს. მაგრამ მისი სიმბოლური იმპულსი უვარგისია. ამ მოძრაობის ოპოზიციურობა სხვა არაფერია თუ არა შიდა მოვლენა, რომლის კონტროლი ადვილად შეუძლია დომინანტურ სისტემას. პოზიტიურ ალტერნატივებს არ შეუძლიათ დაამარცხონ დომინანტური სისტემა, მაგრამ სინგულარებს, რომლების არც პოზიტიურნი და არც ნეგატიურნი არიან, შეუძლიათ. სინგულარები არ არიან ალტერნატივები. ისინი სხვა სიმბოლურ წესრიგს წარმოადგენენ; არ არიან გაბატონებულ ფასეულობათა თუ პოლიტიკური რეალობათა ერთგულნი.
შესაძლოა იყვნენ საუკეთესონი ან ყველაზე უარესნი; არ შეიძლება იყვნენ “დარეგულირებადნი” კოლექტიური ისტორიული ქმედების გზით (6). ისინი ამარცხებენ ყველა განსაკუთრებულ დომინანტურ აზრს, ამავე დროს არ წარმოადგენენ თავს ერთადერთ კონტრ-აზრად. ისინი უბრალოდ თამაშობენ თავიანთ თამაშს და წარმოაჩენენ თავიანთ კანონებს. ყველა სინგულარობა არ არის ძალადობრივი. ზოგიერთი ლინგვისტური, არტისტული, ფიზიკური თუ კულტურული სინგულარი სავსებით დახვეწილია. მაგრამ სხვები, როგორიცაა ტერორიზმი, შესაძლოა იყოს ძალადობრივი; ტერორიზმის სინგულარობა შურს იძიებს იმ კულტურების სინგულარობისთვის, რომელთაც გლობალური ძალაუფლების თავსმოხვევის საფასური საკუთარის განადგურების სახით გადაიხადეს.

ჩვენ ნამდვილად არ ვსაუბრობთ “ცივილიზაციათა შეჯახებაზე,” არამედ ანთროპოლოგიურ კონფრონტაციაზე არადიფერენცირებულ უნივერსალურ კულტურასა და იმ ყველანაირ დანარჩენს შორის, რომლებიც ინარჩუნებენ გადაულახავ განსხვავებულობათა ხარისხს. გლობალური ძალაუფლების პერსპექტივიდან (ისევე როგორც ფუნდამენტალიზმისთვის თავის რწმენაში და სხვა ორთოდოქსული რელიგიებისთვის) ყველა სახის განსხვავებულობა და სინგულარობა მწვალებლურია.
სინგულარული ძალების არჩევანი მხოლოდ გლობალურ სისტემასთან შეერთებაა (ნებით თუ ძალით) ან განადგურებაა. დასავლეთის (უფრო სწორად ყოფილი დასავლეთის, რადგან მან დიდი ხნის წინ დაკარგა საკუთარი ფასეულობები), მისიაა გამოიყენოს ყველა შესაძლო ხერხი რათა ყველა კულტურა დაუმორჩილოს კულტურათა ექვივალენტურობის უხეშ პრინციპს. თუ კულტურამ ერთხელ დაკარგა თავისი ფასეულობები, იგი შეიძლება ესწრაფვოდეს მხოლოდ რევანშს სხვებზე იერიშის განხორციელების გზით. პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მიღმა, ისეთი ომები, როგორიცაა ავღანეთის (7), მიზნად ისახავენ სიველურის ნორმალიზაციას და ყველა ტერიტორიების გათანაბრებას. მიზანი ყველა რეაქციული ზონის თავიდან მოცილებაა, ყველა ველური და წინააღმდეგობის გამწევი ტერიტორიის კოლონიზება და მოთვინიერებაა როგორც გეოგრაფიულად ისე მენტალურად.

გლობალური სისტემის დამკვიდრება ინტენსიური ეჭვიანობის შედეგია. ეს არის ეჭვიანობა ინდიფერენტული და დაბალი განსაზღვრების კულტურისა უფრო მაღალი დეფინიციის კულტურის მიმართ; თილისმისგან განთავისუფლებული და დე-ინტენსიფირებული კულტურისა მაღალი ინტენსივობის კულტურული გარემოს მიმართ, და დე-საკრალიზებული საზოგადოებისა სამსხვერპლო ფორმების მიმართ. ამ დომინანტური სისტემის წინააღმდეგ ყველა რეაქციული ფორმა ვირტუალურად ტერორისტულია.
(ამ ლოგიკის მიხედვით შესაძლოა ვთქვათ, რომ ბუნებრივი კატასტროფები ასევე ტერორიზმის ფორმებია). ძირითადი ტექნოლოგიური შემთხვევები, როგორიცაა ჩერნობილი, ტერორისტული აქციაცაა და ბუნებრივი კატასტროფაც. ტოქსიკური გაზის გამოდენა ბოპალში, ინდოეთში და სხვა ტექნოლოგიური შემთხვევები შესაძლოა ასევე ყოფილიყვნენ ტერორისტული აქტის შედეგი. ნებისმიერი თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტერორისტული ჯგუფის მიზეზით შეიძლება მოსდეს. ირაციონალური შემთხვევების ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ ისინი შესაძლოა დაბრალდეს ნებისმიერს და მას საფუძვლად დაედოს ნებისმიერი მოტივაცია. გარკვეულწილად ყველაფერი შეგვიძლია მივიჩნიოთ კრიმინალად – თავად მიწისძვრაც და სიცივის ფრონტიც კი; ეს ახალი არ არის. 1923 წელს ათასობით კორეელი მოკლეს, რადგან ისინი მიიჩნიეს იმ წლის ტოკიოს მიწისძვრაზე პასუხისმგებლად.
ასე ინტენსიურად ინტეგრირებულ სისტემაში, როგორიც ჩვენია, ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს დესტაბილიზაციის ეფექტი. ყველაფერს მიჰყავს სისტემა წარუმატებლობისკენ, რომელიც თავს შეუფერხებელად სცნობს. ჩვენი თვალსაზრისით, ანუ მათი, ვინც მომწყვდეულნი ვართ სისტემის რაციონალური და პროგრამირებული კონტროლის ქვეშ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ უარესი კატასტროფა თავად ეს უშეცდომო, შეუფერხებელი სისტემაა. შეხედეთ ავღანისტანს. ფაქტი, რომ თავად ამ ქვეყნის შიგნით, “დემოკრატიული” თავისუფლების და გამოხატვის ყველა აღიარებული ფორმები – დაწყებული მუსიკიდან და ტელევიზიიდან, ქალის სახის ნახვის შესაძლებლობამდე – აკრძალური იყო, და თავად შესაძლებლობა, რომ ასეთმა ქვეყანამ შესაძლოა აირჩიოს იმისგან ტოტალურად საწინააღმდეგო გზა რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვუწოდებთ (არა აქვს მნიშვნელობა რა რელიგიურ პრინციპებს ატარებს იგი), არ იყო მისაღები “თავისუფალი” სამყაროსათვის. მოდერნულობის უნივერსალური განზომილება არ შეიძლება უარყოფილ იქნას. დასავლეთის პერსპექტივიდან, მისი კონსესუალური მოდელიდან და აზროვნების უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, დანაშაულია არ მიიღო მოდერნულობა როგორც კარგის აშკარა წყარო ან კაცობრიობის ბუნებრივი იდეალი.
დანაშაულია ასევე, როდესაც ჩვენი ფასეულობების უნივერსალურობა და ჩვენი მოქმედება საეჭვოდაა მიჩნეული გარკვეული ინდივიდუალობის მიერ, რომლებიც, როგორც კი გამოხატავენ თავიანთ ეჭვს, მაშინვე ინათლებიან ფანატიკოსებად.

მხოლოდ ანალიზს, რომელიც ხაზს უსვამს სიმბოლური ვალდებულებების ლოგიკას, შეუძლია აზრი მისცეს გლობალურისა და სინგულარულს შორის კონფრონტაციას. რათა გავიგოთ მთელი დანარჩენი სამყაროს ზიზღი დასავლეთის მიმართ, პერსპექტივები უნდა შეტრიალდეს. არა-დასავლელი ხალხის ზიზღი არ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დასავლეთმა მათ ყველაფერი მოპარა და სანაცვლოდ არაფერი მისცა. ის ეფუძნება სწორედ იმ ფაქტს, რომ მათ ყველაფერი მიიღეს, მაგრამ არასოდეს მიეცათ უფლება სანაცვლოდ რაიმე უკან მოეცათ. ეს ზიზღი ექსპლუატაციიდან თუ საკუთრების წართმევიდან არ გამომდინარეობს, არამედ მოდის დამცირებიდან. და ეს ის სახეობაა ზიზღისა, რომელიც ათვალსაჩინოებს 11 სექტემბრის ტერორისტულ დარტყმებს. ეს იყო დამცირების აქცია, საპასუხოდ სხვა დამცირებას.

0უარესი, რაც შეიძლება გლობალურ ძალადობას მოუვიდეს, არის არა შესაძლებელი შემოტევა ან დანგრევა, არამედ დამცირების განცდა.
გლობალური ძალაუფლება დამცირდა 11 სექტემბერს, რადგან ტერორისტებმა დარტყმა მიაყენეს ისეთ რაიმეს, გლობალური სისტემა სამაგიეროდ რომ ვერ შეუტევს. საპასუხო სამხედრო ზომები მხოლოდ ფიზიკური პასუხი იყო. მაგრამ 11 სექტემბერს გლობალური სისტემა სიმბოლურად დამარცხდა. ომი პასუხია აგრესიაზე, მაგრამ არა სიმბოლურ გამოწვევაზე. სიმბოლური გამოწვევა იმ შემთხვევაშია მიღებული და აღმოფხვრილი თუ მოწინააღმდეგე საპასუხოდ მცირდება (მაგრამ ეს არ მუშაობს მოწინააღმდეგეს დაბომბვის ან გუანტანამოში ციხის გისოსებს მიღმა ჩაკეტვის შემთხვევაში). სიმბოლური ვალდებულებების ფუნდამენტური წესის პირობას დომინაციის ნებისმიერი ფორმის ბაზისად ნებისმიერი კონტრაპუნქტის, ნებისმიერი უკან დაბრუნების ტოტალური არარსებობა წარმოადგენს (8). ცალმხრივი ძრვენი ძალაუფლების აქტია.
და კარგის იმპერია, კარგის ძალადობა უპირატესად ნიშნავს სწორედ შესაძლებლობას გასცე რაიმის საპასუხოდ დაბრუნების გარეშე. აი რას ნიშნავს იყო ღმერთის პოზიციაში. ან იყო ოსტატის პოზიციაში, რომელიც იძლევა ცხოვრების ნებას მუშაობის სანაცვლოდ. (მაგრამ მუშაობა არ არის სიმბოლური კონტრაპუნქტი, და მონის სანაცვლო პასუხიც საბოლოო ჯამში ბუნტია ან სიკვდილი). ღმერთი იძლეოდა გარკვეულ სივრცეს მსხვერპლშეწირვისთვის. ტრადიციული წესრიგის მიხედვით ყოველთვის იყო შესაძლებელი მსხვერპლშეწირვის გზით გადაგეხადა ღმერთისთვის, ბუნებისთვის ან რაიმე სხვა მაღალი არსებისთვის. აი რა განაპირობებდა სიმბოლურ წონასწორობას არსებებსა და საგნებს შორის.
მაგრამ დღეს ჩვენ არავინ გვყავს, ვისაც დავუბრუნებთ სიმბოლურ ვალს. ეს ჩვენი კულტურის დაწყევლაა. ეს არ ნიშნავს, რომ ძღვენი შეუძლებელია, მაგრამ ნიშნავს, რომ კონტრ-ძღვენი დაშვებული არ არის.
ყველა სამსხვერპლო ფორმები ნეიტრალიზდა და უკუიგდო (რაც დარჩა, ეს პაროდიაა მსხვერპლშეწირვისა რაც თვალსაჩინოვდება ყველა თანამედროვე მსხვერპლშეწირვის მაგალითით).

ამგვარად, ჩვენ გამოუსწორებელ სიტუაციაში ვართ, როდესაც სულ უნდა მოვიღოთ, ყოველთვის მივიღოთ, მაგრამ უკვე არა ღმერთისგან თუ ბუნებისგან, არამედ საყოველთაო გაცვლებისა და საერთო სიამოვნების ტექნოლოგიური მექანიზმების საშუალებით. ყველაფერი გვეძლევა ვირტუალურად და მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ ყველაფერზე მოვიპოვეთ უფლება. ჩვენ ვგავართ მონებს, რომელთა ცხოვრება განიავდა, მაგრამ ვინც მიუხედავად ყველაფრისა შეზღუდულია ვალის გადაუხდელობით. ეს სიტუაცია გარკვეული დროით შესაძლოა გაგრძელდეს, რადგან ის არსებულ ეკონომიკურ წესრიგში გაცვლის საფუძველია.
და მაინც, ყოველთვის დგება დრო, როდესაც ფუნდამენტური წესი კვლავ ზედაპირზე ამოდის და ნეგატიური (ვალის) დაბრუნება გარკვეულად ეპასუხება დადებით ტრანსფერს, როდესაც თავს იჩენს ძალადობრივი უკურეაქცია ტყვეობაში ცხოვრებაზე, დაცულ არსებობაზე, და არსების ამგვარ სატურაციაზე. ამგვარმა რევერსიამ შესაძლოა მიიღოს როგორც ღია ძალადობის აქტის ფორმა (როგორც ტერორიზმია), ისე უძლური კაპიტულაციის (რაც უფრო სახასიათოა ჩვენი მოდერნულობისათვის), თვითზიზღისა და მონანიების სახე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ ნეგატიური ვნებების იერი, რომელიც შეუძლებელი კონტრ-ძღვენის გადაგვარებულ ფორმებს წარმოადგენენ.

რაც ჩვენ ჩვენს თავში გვეზიზღება – ჩვენი სასოწარკვეთის ბნელი ობიექტები – ესაა ჩვენი რეალობის, ძალაუფლების, კომფორტის სიჭარბე, ჩვენი უნივერსალური შესაძლებლობები, ჩვენი გარკვეული სრულყოფილება, იმგვარი ბედისწერა, რომელიც დოსტოევსკის დიდ ინკვიზიტორს შემონახული ჰქონდა მოშინაურებული მასისთვის. ეს არის სწორედ ის ნაწილი ჩვენი კულტურისა, რომელსაც ტერორისტები სისაძაგლედ მიიჩნევენ (რაც ასევე ხსნის იმ მზრუნველობას, რომელსაც ისინი იღებენ და იმ ხიბლს, რომელიც მათ შეუძლიათ გამოავლინონ).

ტერორიზმის მზრუნველობა დაფუძნებულია არა მხოლოდ მათ სასოწარკვეთაზე, ვინც დამცირებული და შეურაცხოფილია. იგი ეფუძნება მათ უხილავ სასოწარკვეთასაც, ვისაც გლობალიზაციამ პრივილეგია მიანიჭა, ჩვენს საკუთარ მორჩილებას ყოვლის შემძლე ტექნოლოგიებისადმი, გამანადგურებელი ვირტუალური რეალობისადმი, ქსელების იმპერიისადმი და იმ პროგრამებისადმი, რომლებიც, შესაძლოა, იმ ადამიანთა ტიპის, იმ კაცობრიობის რეგრესიული კონტურების ხელახალი გამოხატვის პროცესში არიან, რომელიც “გლობალური” გახდა. (ყოველივე ამის შემდეგ განა ადამიანთა მოდგმის პირველადობა დედამიწაზე სხვა დანარჩენ სიცოცხლესთან მიმართებაში სარკისებური სახე არ არის დასავლეთის დომინირებისა სამყაროს სხვა დანარჩენ ნაწილებზე?). ეს უხილავი სასოწარკვეთა, ჩვენი უხილავი სასოწარკვეთა, უიმედოა რამდენადაც ეს ყოველივე ჩვენი საწადელის რეალიზაციის შედეგია.

ამდენად, თუ ტერორიზმი მომდინარეობს რეალობის ამ ზედმეტობიდან და ამ რეალობაში შეუძლებელი გაცვლიდან, თუ იგი არის სიჭარბის პროდუქტი ყოველგვარი კონტრაპუნქტის ან დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე, და თუ ეს მომდინარეობს კონფლიქტების ძალისმიერი გადაწყვეტიდან, ილუზია იმისა, რომ ჩვენ მას თავის დავაღწიეთ, როგორც ობიექტურ სიბოროტეს, დასრულდა. (9) და ეს რამდენადაც თავის აბსურდულობაში და უაზრობაში ტერორიზმი ჩვენი საზოგადოების საკუთარი განაჩენი და სასჯელია.



შენიშვნები:

1. თავდაპირველად დაიბეჭდა როგორც “La Violence du Mondial” ჟან ბოდრიარის ““Power Inferno_ (Paris, Galilee, 2002), 2002), გვ.63-83
2.“Mondial”  ორიგინალურ ტექსტში არის “გლობალურის” ფრანგული ტერმინი
3. “Pensee unique” ფრანგულად
4. “Espace – temps sans dimension” ფრანგულად
5. “Centre cette universalite abstraite” ფრანგულად
6. “On ne peut pas le federer dans une action historique d’ensemble” ფრანგულად
7. ბოდრიარი აქ მიუნიშნებს აშშ-ს ომზე ავღანეთის წინააღმდეგ 2001 წელს 11
  სექტემბრის შეტევის შედეგების შემდეგ
8.
“L’absence de contrepartic” ფრანგულად
9. “Emphasis”  ორიგინალურ ტექსტში

No comments:

Post a Comment